დემოკრატია და მისი არსი

დემოკრატია ბერძნული სიტყვაა: დემოს ნიშნავს ხალხს, ხოლო კრატოს – ძალაუფლებას. შესაბამისად, დემოკრატიას ხშირად განსაზღვრავენ როგორც „ხალხის ბატონობას“. ეს არის სისტემა, სადაც ხალხი აწესებს წესებს და ემორჩილება მათ. თანამედროვე მსოფლიოში ხალხებისა და ქვეყნების უმეტესობას მიაჩნია, რომ ხელისუფლების ერთადერთი მოქმედი და სიცოცხლისუნარიანი სისტემა დემოკრატია უნდა იყოს. მაშასადამე, დემოკრატიის არსებითი ელემენტი ხალხის ნების უზენაესობაა.

დემოკრატია შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც პროცესი და არა ფიქსირებული სისტემა, რომელიც არასოდეს იცვლება. ეს არის განვითარების ეტაპები განსაზღვრული მიზნებისა და იდეალების გათვალისწინებით.

XXI საუკუნის მიჯნაზე სამართლის მკვლევარები ფიქრობენ, რომ იდეოლოგიური რეჟიმების დამარცხების შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საზოგადოება პოლიტიკური ძალაუფლების ერთადერთ კანონიერ სისტემად მმართველობის დემოკრატიულ პრინციპებს აღიარებს. აშკარა ანტიდემოკრატიულ მმართველობათა რიცხვი სულ უფრო მცირდება.

საერთოდ, ყოველ მმართველობას თავისი ბუნება და პრინციპი აქვს. ამდენად, სწორედ ძალაუფლების პრინციპთან მიმართებაში განისაზღვრება პოლიტიკური სისტემის ლეგიტიმურობა. თანამედროვე დემოკრატია, ფართო გაგებით, გულისხმობს არსებითად სამი, ერთმანეთისაგან მეტნაკლებად დამოუკიდებელი პრინციპის თანაარსებობას: ხალხის ნების უზენაესობა (ხელისუფლების არჩევითობა), კონსტიტუციონალიზმი და პიროვნების უფლებები. დემოკრატიული ლეგიტიმურობის გასააზრებლად სამივე ამ პრინციპს განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს.




ეს საინტერესოა! 


ძვ. წ. V-IV საუკუნეებში არსებობდა ე.წ. ათენის დემოკრატია, რომელიც წარმოადგენდა გამართულ პოლიტიკურ სისტემას. 

სახელმწიფო მმართველობა ეფუძნებოდა შემდეგ პრინციპებს: არჩევითობას, თანამდებობების დაკავებას მოკლე ვადით, კოლეგიალობას, ანგარიშვალდებულებას, თანამდებობაზე ყოფნისას გასამრჯელოს მიღებას. 

მაშინდელ ათენში ხელისუფლების უმაღლეს ორგანოდ ითვლებოდა სახალხო კრება - ეკლესია, რომელშიც მონაწილეობა შეეძლო მიეღო 20 წელს მიღწეულ ყველა მამაკაცს, მიუხედავად მისი საქმიანობისა თუ ქონებისა. ამავე დროს ის უნდა ყოფილიყო ათენის სრულუფლებიანი მოქალაქე. 

„სახალხო კრების წევრები სახელმწიფო კმაყოფაზე იყვნენ. ეკლესია იღებდა კანონებს, წყვეტდა ომისა და მშვიდობის საკითხებს, ირჩევდა თანამდებობის პირებს, ისმენდა მაგისტრატების ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ მას შემდეგ, რაც მათ გაუვიდოდათ უფლებამოსილების ვადა, წყვეტდა ქალაქის პროდუქტით მომარაგების საკითხებს, განიხილავდა და ამტკიცებდა ბიუჯეტს, ზედამხედველობას უწევდა მოზარდთა აღზრდას და სხვა. 

თვითმმართველობისა და დემოკრატიისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ”კანონსაწინააღმდეგო საჩივრის” ინსტიტუტს, რომელიც არსებული კანონმდებლობის დაცვის გარანტი იყო. ამ კოლეგიაში საჩივარი შეეძლო შეეტანა ნებისმიერ მოქალაქეს იმ პირზე, რომელიც, მისი აზრით, არღვევდა ათენის კანონმდებლობას. სახალხო კრებაზე გამომსვლელს ეკრძალებოდა ოპონენტის შეურაცხყოფა და უსაგნო საუბარი.“ 

მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი ფაქტია ის, რომ ათენის მოქალაქე შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ სრულწლოვანი მამაკაცი და ათენის მოქალაქედ არ ითვლებოდნენ მონები, უცხოელები, ბავშვები და ქალები. ანუ აქ ჩამოთვლილ პირებს, მიუხედავად დემოკრატიული ათენისა, არ ჰქონდა უფლება მიეღოთ მონაწილეობა სახალხო კრებაში.


დემოკრატიის ნიშნები

 ხელისუფლების თვითშეზღუდვა კანონით
 ხელისუფლების ლეგიტიმურობა
 ადამიანის უფლებათა ხელშეუვალობა
 თავისუფლება და პლურალიზმი
 ხელისუფლების გადანაწილება და ურთიერთ შემოსაზღვრა
 უმცირესობათა უფლებების გარანტირება

ხალხის ნების უზენაესობა - ხელისუფლების არჩევითობა დემოკრატიულ მმართველობაში უმაღლესი ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს. მაშასადამე, დემოკრატიის არსებითი ელემენტი ხალხის ნების უზენაესობაა. “დემოკრატიის დროს ხალხი ერთის მხრივ მონარქია, მეორეს მხრივ კი ქვეშევრდომი. იგი მონარქია იმდენად, რამდენადაც აქვს საარჩევნო ხმები, რომლებითაც გამოხატავს თავის ნებას“.

დემოკრატიაში სუვერენული ხელისუფლების მქონე ხალხი თვითონ უნდა აკეთებდეს ყველაფერს, რისი გაკეთებაც მას კარგად შეუძლია, ხოლო იმას, რისი გაკეთებაც მის შესაძლებლობას აღემატება, თავისი ნდობით აღჭურვილი პირების მეშვეობით უნდა ახორციელებდეს. დემოკრატიული მმართველობის ძირითადი მაქსიმა ისაა, რომ ხალხი თანამდებობის პირებს თავად უნდა ასახელებდეს.

თავისუფალ სახელმწიფოში ყოველი ადამიანი თვითონ უნდა აკეთებდეს საკუთარ არჩევანს, ყოველ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ხმის მიცემის უფლება წარმომადგენლის ასარჩევად.

საერთაშორისო სამართლებრივ დონეზე აღიარებული დემოკრატიის ეს ფუძემდებლური პრინციპი - ხალხის ნების უზენაესობა, ხელისუფლების არჩევითობა - საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის ქვაკუთხედია. ხალხის ნების უზენაესობის გამოხატულებაა კონსტიტუციის მე-5 მუხლი; იგი მიუთითებს, რომ საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი, რომელიც თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, დემოკრატიის სხვა, უშუალო ფორმებისა და თავის წარმომადგენელთა მეშვეობით, ცხადია, ხალხში საქართველოს მოქალაქეები იგულისხმება.

საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სახალხო ხელისუფლების პრინციპები ხელს უწყობს მოქალაქეთა ერთობლივ მონაწილეობას სახელმწიფოს მართვის საქმეში. ამის ნათელი დადასტურებაა ისეთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური უფლება, როგორიცაა, მოქალაქის უფლება - აირჩიოს და თავად იქნეს არჩეული სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოებში. სახელმწიფოს მართვაში მოქალაქეთა მონაწილეობის უფლება, თავის მხრივ, უკავშირდება მოქალაქის საარჩევნო უფლებებს. არჩევნები არის საარჩევნო უფლების მქონე პირთა მიერ ხმის მიცემისა და ამ პირთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო და თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოების ჩამოყალიბების საშუალება.


ხელისუფლების დანაწილება 

სახელმწიფო ხელისუფლების განაწილების აუცილებლობაზე ჯერ კიდევ ანტიკური დროის მოაზროვნეები მიუთითებდნენ თავიანთ თხზულებებში. კერძოდ, ესენი იყვნენ პლატონი („სახელმწიფო”, „კანონები”), არისტოტელე („პოლიტიკა”), პოლიბიოსი („ისტორია”). ხელისუფლების განაწილების თვალსაზრისით, ჩინებული ინსტიტუტები ჰქონდა რომის რესპუბლიკას.

კლასიკური სახით სახელმწიფო ხელისუფლების განაწილების პრინციპი - როგორც სამართლის უზენაესობისა და ადამიანის, როგორც საზოგადოების წევრის პოლიტიკური თავისუფლების წინაპირობა - ჩამოაყალიბა შ.ლ. მონტესკიემ. ავტორის აზრით, სახელმწიფოში პოლიტიკური თავისუფლება მიიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება განაწილებული არის სხვადასხვა უწყებას შორის.

პიროვნების თავისუფლება 

ზემოემოაღნიშნული ორი პრინციპის - არჩევითობა და ხელისუფლების დანაწილება - განხორციელება შეიძლება თავისთავად საკმარისი არ აღმოჩნდეს დემოკრატიული მმართველობის ლეგიტიმურობისათვის, თუ არ არსებობს პიროვნების თავისუფლების, ღირსებისა და თანასწორობის დაცვის გარანტიებიც. აღნიშნულ ღირებულებათა გარკვეული ნორმების დაცვის გარეშე დემოკრატიული სისტემა ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება.

დემოკრატიის მესამე არსებითი პრინციპი არის, პიროვნების თავისუფლების, ღირსებისა და თანასწორობის აღიარება პრივილეგირებულ ღირებულებად. თავისუფლება ადამიანის ბუნებიდან მომდინარეობს ,,,თავისუფლებაზე უარის თქმა საკუთარ ადამიანურ ღირსებაზე, ადამიანურ უფლებებზე, თვით მოვალეობებზე უარის თქმის ტოლფასია”.

თავისუფლება, ძირითადად, არის ის, რომ ადამიანი არ აიძულო მოიმოქმედოს ისეთი რამ, რასაც კანონი არ ითვალისწინებს. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, თუ ადამიანებს სამოქალაქო კანონები განაგებენ. მაშასადამე, თავისუფლება იმის კეთების უფლებაა, რაც კანონით დასაშვებია. სადაც ძალაუფლება კანონს არ ემორჩილება, იქ პიროვნების უფლებათა დაცვის შანსები მცირეა. ,,თუ მოქალაქეს შეუძლია აკეთოს ის, რასაც კანონები კრძალავენ, მაშინ მას აღარ ექნება თავისუფლება, რადგან იგივე შესაძლებლობა სხვებსაც ექნებათ”.

დემოკრატიული მმართველობისას სახელმწიფო წყობის ბუნება მოითხოვს, რომ მოსამართლეები ზუსტად იცავდნენ კანონის ტექსტს. დემოკრატიულ სახელმწიფოებში ყველა თანასწორია. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მოქალაქის მიმართ არ შეიძლება კანონის ბოროტად გამოყენება, როცა საქმე ეხება მის ქონებას, მის ღირსებას ან მის სიცოცხლეს.

https://conlaw.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/gakvethili-3-demokratiis-arsi.pdf

No comments:

Post a Comment